ვინ ვარ მე?

-ბენზინის წვეთი გინახავთ?
-ფერი თუ გახსოვთ…
-არა, არა… მზეზე რომ ელვარებს ის გაიხსენეთ.

ამ მცირე წვეთში ასობით ფერი ელვარებს, თან ისე, ერთმანეთს არ არევა. ზოგი მათგანი უფრო ძლიერია, ვიდრე დანარჩენი, თუმცა არ არსებობს ფერი, რომელსაც სულ მცირე რაოდენობით ვერ შენიშნავ.

მაგრამ მე ბენზინის წვეთი არ ვარ!

უფრო მარტივად რომ ვთქვა, ასე…

ვინ ვარ მე?

ადამიანი!

ფერები თვისებებია, ათასგვარი…
ჩემში ყველაფრის საწყისია, მეტ-ნაკლებად განვითარებული. მე ვარ თავმდაბალი, მაგრამ ამპარტავანი, თბილი, თუმცა ცივიც, ზარმაცი და შრომისმოყვარე, ეგოისტი და სხვაზე მზრუნველიც…
ჩემში პატარა უფლისწულია და Homo Faber-იც, იდიოტი და ის საზოგადოება, იდიოტად რომ მიიჩნევს, ჩემში არჩიბალდ მეკეშია, თავის წარსულს, როგორც გველის პერანგს, ისე რომ უყურებს და ლაშარელა, რომელიც ბოლომდე ერთგული რჩება, ჩემში პესიმისტი და ოპტიმისტია, ცეცხლიც და ყინულიც, ჩემში დროცაა, წამის გაელვება.
მე უფლის ხატად და მსგავსად შექმნილი არსება ვარ, ანუ სწრაფვა სრულყოფილებისაკენ.

და მაინც…

ვინ ვარ მე?

მე მთელი სამყარო ვარ!

საკუთარი თავი უკვე შევიცანი, ახლა მთავარია უხილავი ძაფი გავაბა თითოეულ ფერთან და მათი ჭკვიანურად მართვა შევძლო.

14 thoughts on “ვინ ვარ მე?

  1. “საკუთარი თავი უკვე შევიცანი” – მართლა? როგორ? – არ მესმის, ღმერთმანი.

    სავარაუდოდ იცი, რომ ყოველი ჩვენგანი გადის ეტაპებს და ხშირად აქვს გაურკვევლობა საკუთარი თავთან. ამის მაგალითი: უძველესი დროიდან ადამიანმა იცოდა, თუ რა იყო მოძრაობა. ეს ხომ უმარტივესია. აგერ, სხეული მოძრაობს და მორჩა. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში ფილოსოფოს-კრიტიკოსმა ზენონმა ითხოვა, რომ მისთვის აეხსნათ რა იყო მოძრაობა. ვერ აუხსნეს (თუ სურვილი გაქვს ”ვერ ახსნას” დეტალურად მოგიყვები შემდგომში). ის, რასაც სხვები უწოდებდნენ მოძრაობას, ზენონი უმოძრაობის მაგალითად წარმოადგენდა. საბოლოოდ ნიუტონმა გადაწყვიტა ეს საკითხი, უმოძრაობა და მოძრაობა გააიგივა (ნუ, ყველა თავისებურად უბერავს: ))). ჰოდა ასევეა ჩვენთანაც, ჯერ გვაქვს რაიმე იდეა, შემდეგ ჩნდება საპირისპირო და დგება მომენტი, როცა ორივე იდეას მესამეში ვაერთიანებთ. თითქოს დავასრულეთ, მაგრამ უემოციოდ რომ შევხედოთ, ეს მესამე ისევე ერთადერთი იდეა დაგვრჩა?! სავარაუდოდ გაგვიჩნდება ახლა ამის საწინააღმდეგო და ასე დაუსრულებლად…
    ალბათ, დადგება მომენტი, როცა ეს შენი ნაწერებიც გაგაღიზიანებს, რომ მათში ისეთ დეტალებზეა ყურადღება გამახვილებული, რაც არ იქნება ღირებული შენთვის მაშინ, როცა ამას იტყვი და ეს ნორმალურია.. მოსალოციც კი..

    მოკლედ, მომწონს, რომ ვფიქრობთ.
    გვტკივა ეს ყველაფერი?!..

    გემთხვევით ხელზე, მილედი (და აქაც ორაზროვანი ვარ. ფრანგული ტრადიციების მიხედვით კაცი ქალს ხელის ზედა ნაწილზე თუ კოცნიდა, გამოხატავდა მარტივ პატივისცემას; ხოლო, თუ ხელის გულზე, მაშინ მორჩილებას. რამდენად აზარტულია და მშვენიერი, რომ გენიალობა დეტალებშია: )).

    ესაა და ეს – ”პაჩწი” : )

    ______________________
    პატივისცემით.
    რუხი კარდინალი.

    • ცოტა უცნაურიც იქნება ალბათ თუ ვიტყვი…. ვიტყვი, რომ ეს კომენტარი გამიხარდა.
      ,,ალბათ, დადგება მომენტი, როცა ეს შენი ნაწერებიც გაგაღიზიანებს” – ჩემი ჩანაწერების უმეტესობა ახლაც მაღიზიანებს, მაგრამ გარკვეულ ეტაპად მიმაჩნია და ვინახავ. ეს არის და ეს.
      რაც შეეხება თავად ,,ვინ ვარ მეს”… ზოგადად, მე ყველაფერს ვართულებ. ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ გამემარტივებინა თუნდაც საკუთარი თავი და ასე წარმოვიდგინე. არის ამაშიც ლოგიკა… თუმცა ბოლომდე არ ვეთანხმები.
      მე ბოლომდე არაფერს ვეთანხმები და გასაკვირი არცაა – ,,ფილოსოფიაში ნებისმიერი მოსაზრება, მის საუკეთესო შემთხვევაშიც კი, არის უაზღვრო ოკეანის მხოლოდ ერთი წვეთი.” მითუმეტეს, როცა საქმე საკუთარ თავს ეხება…
      ,,მოკლედ, მომწონს, რომ ვფიქრობთ.” – ვფიქრობთ…
      არის კი ფიქრი გამოსავალი? რაც მეტად უღრმავდები საკითხს, მით მეტი კითხვა ჩნდება – პასუხგაუცემელი.
      იქნებ სჯობს ყველაფერს მარტივად შევხედო, ძალიან მარტივად და ყველაფერიც შესაბამისად შემსუბუქდება.
      ისე კი, ვეთანხმები თქვენს კომენტარს და მსგავსი ,,განაცხადი” რომ მენახა სხვის ბლოგზე, აუცილებლად მასე ვუპასუხებდი.
      თუმცა, ვიმეორებ, არის ამაშიც ლოგიკა და იქნებ დედამიწისთვის უფრო შესაფერისი…

      • …და ვიცხოვროთ რიგითი მოქალაქეებივით. საუბრის საჭირბოროტო საკითხად გავიხადოთ არმანი, გუჩი, ფეხსაცმლების სხვადასხვა დიზაინის ”კალოდკები”, ვის როგორი ”შლეიფი” უხდება. ან რომელ ფეხბურთელს ვინ ყავს შეყვარებულად, რატომ, რას ჩუქნის. ვიჭორაოთ, რომ გუშინ ერთმა კლასელმა მეორეს რაღაც უთხრა და ”ფუ, რა გოიმია” და ა.შ. მრავალი უმნიშვნელო დეტალი.
        ნაკლებად დავარქმევ ამას ”საჩემოს”.
        მირჩევნია რაიმე შინაგან თემაზე ვისაუბრო წინასწარ განსაზღვრული დაუსრულებლობით, ვიდრე ზემოთ ნახსენებ საკითხებზე.. და თუ გვსურს ვისაუბროთ რაიმე განსხვავებულზე, ოდესმე მაინც უნდა გაგვჩენოდა ამა თუ იმ საკითხზე შეკითხვა, ან ახლა უნდა გვქონდეს..
        ”ია ტაკ დუმაიუ”.. : )

  2. ვერ მიმიხვდი. განა მე ეგ ვიგულისხმე კარდინალო?
    ბოლო წინადადების მხოლოდ ერთი ნაწილი წაგიკითხავს და მეორე ყურადღების მიღმა დაგრჩენია. ,,მთავარია უხილავი ძაფი გავაბა თითოეულ ფერთან და მათი ჭკვიანურად მართვა შევძლო.”-თქო – ვწერდი მე.
    ცხოვრება ბრძოლაა საკუთარ თავთან. იმის გაგებას, თუ ვინ ხარ შენ, რომელსაც ვერასდროს ამოიცნობ, არ სჯობს დაუშვა, რომ შენში ყოველნაირი თვისებაა და დანარჩენი უკვე საკუთარ სურვილსა და მოქმედებაზეა დამოკიდებული? არ სჯობს იღწვოდე რეალურისკენ? არმანი, გუჩი და ა.შ. მხოლოდ ეს არის სასაუბრო იმათგან, რაც მიღწევადია?
    და დაე ვიცხოვროთ რიგითი მოქალაქეებივით. მთავარ საზრუნავად გავიხადოთ საკუთარი თავის განვითარება და არა მისი შეცნობა. მთავარ მიზნად ჩვენი რესურსების ათვისება დავისახოთ, ვისწავლოთ, როგორ არ ვიყოთ ეგოისტები და ა.შ.
    ადამიანს კი ყველაფერი შეუძლია და მე მჯერა – მთის გადადგმაც კი.
    მე მეშინია არ დავიკარგო ქაოსში, რომელიც არაფრის მომცემია.
    მიჭირს სწორად გადმოცემა სათქმელის. მიზეზი ბევრია, თუმცა იმედი სულ მცირედი მაინც მაქვს, რომ დაახლოებით მიმიხვდები აზრს.

  3. მე გიორგი მახარაძე ვარ…

    ამ პოსტის ავტორი ნინი მღებრიშვილი ჩემი მეგობარია;

    მე მინახავს მზეზე მოელვარე ბენზინის წვეთი;

    ნინი მართლა მრავალფეროვანი ადამიანი, მრავალფეროვანი და არა ჭრელი;

    ნინი ჰარი ჰალერია,,, ;

    როცა, ნინი შეიცნობს თავის თავს იგი პასუხს გასცემს ადამიანის არსებობის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას,,,
    “ვინ არის ის”?
    როგორც წესი ამ დროს, უნდა დასრულდეს ყველაფერი.

    ნინი,ცდება როდესაც ამბობს იმას, რომ თავი შეიცნო, მე მეღიმება ნინი ჩემი მეგობარია :)

    ნინი ჰარი ჰალერია;

    ნინი მრავალფეროვანია და არა ჭრელი;

    იმისიც მჯერა, რომ ნინი პასუხს მოიძიებს ამ კითხვაზე… ოღონდ ალბათ ბოლოს;

    • გიო, ბევრი ვიფიქრე რა მეპასუხა ამ კომენტარისთვის და პასუხად მთელი გულით მეღიმებოდა.
      ძალიან, ძალიან მიხარია, რომ გაგიცანი და დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის.
      ჩემთვსი მართლა ბევრს ნიშნავს : )
      :*

      • ჩემთვისაც ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი ხომ იცი :) დღეს საღამოს ჩავუჯდები ჩვენს მეილს და გავაგრძელოთ მიმოწერა… მერე რა, რომ ხანდახან ე.წ. (გახსოვს ჩემი პოსტი?) ქრონოფაგები არ გვაძლევენ ამის საშუალებას :)

  4. მინდოდა გამეგო ვინ იყავი, მაგრამ ვერ გავიგე :P მართლა კიარა მივხვდი თბილი და ტკბილი რომ ხარ ;)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s