1555

ვიცი, რომ შევიცვალე.
ვიცი, რომ მთელი არსებით დავმძიმდი.
ვიცი, რომ აღარ ვიღიმი ქუჩაში.
ვიცი, რომ აუტანელი გავხდი.

ისიც ვიცი, რომ ყველას გავურბი. ვემალები. ათას რამეს ვიმიზეზებ.
ისიც ვიცი, რომ საკუთარ თავს აღარ ვგავარ.

ძალიან დამღალა სისტემამ.
მეშინია იმის, რომ… შეიძლება გარშემო ყველას იმედები გავუცრუო. ჩემგან ხომ საუკეთესოს ელიან.
იცინეთ.. იცინეთ… თუნდაც ,,რას იტყვის ხალხი” დაარქვით.
არც ნუგეშს არ ველი.
არაფერს არ ველი, გარდა…
გამოცდა.
გამოცდა.
გამოცდა.
საზღვარს გამოცდა.
ცოტაც და…
3-4 თვეც და..
უკვე ნამდვილად გამოცდა!!!

ბლოგი ცოტა ხნით დახურული მქონდა, რათა არ მეწუწუნა.
რა შუაშია, მაგრამ…
მომენატრეთ..
პს. ნეტა BNG-ში რა ხდება?
:)

წერილი, რომელიც მივიღე

მიმაჩნია, რომ სამყარო გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება და არც-ერთი მოვლენა არ არის შემთხვევითი, მაგრამ მაინც გამაოგნა იმ წერილმა, რომელიც კარგა ხნის წინ მივიღე.
ძალიან მიჭირდა ამის სააშკარაოზე გამოტანა. ახლაც მიჭირს…
ასე მგონია, იმ იდუმალ ძალას, რომელიც ამოუცნობი ენერგიით მავსებს, დაკარგავს.
მაგრამ მგონი საკმარისზე მეტს ვსაუბრობ.
და მაშინ…
იხ. წერილი:

,,ჩემო პატარა, სულელო ნინიტო, ახლა 17 წლის ხარ და გგონია, რომ სამყაროს ასე თუ ისე იცნობ. გგონია, მუდამ შეგიძლია გრძნობების კონტროლი და ჯერ კიდევ თვეობით ნერვიულობ ისეთ უმნიშვნელო ფაქტებზე, რომელიც ახლა ღიმილადაც არ მყოფნის.
კვლავ წიგნების გადმოსახედიდან უყურებ ყველაფერს, კვლავ გგონია, რომ პასუხებს მუდამ იპოვი წვრილი შრიფტით დაფარულ ფურცლებზე. ღმერთს გარეთ ეძებ, უამრავ კითხვას სვამ და ცდილობ ყველაფერს ახსნა უპოვო, მაშინ, როცა უფალი თავად შენშია, მაგრამ ამოუცნობის შესწავლის წყურვილით გაბრუებულს გულში ჩახედვა დაგვიწყნია. გეგმებს აწყობ, თვლი, მსჯელობ, ნერვიულობ, ისევ აწყობ, ისევ ღელავ, ფიქრობ და დაუსრულებლად.
რობოტად ქცევაზე ოცნებობ, მაგრამ დამიჯერე, ოდნავადაც არ არის საჭირო. მთავარი ემოციების სწორად გამომჟღავნება ისწავლო. როგორ? დრო გიჩვენებს.
ახლა მითხრეს, იქნებ წერილი მისწერო 17 წლის ნინიტოსო, დავიბენი… მე მომავლის ნინო ვარ, მაგრამ არ მინდა რამე მოგიყვე, ამით ყველაფერი აზრს დაკარგავს. რჩევა მიეციო. ერთადერთ რამეს გეტყვი:
სამყარო ფერადია, არასდროს მოირგო შავ-თეთრი სათვალე, ხომ იცი, ყველაფერი ნატურალური სჯობს.
სიამოვნებით დავუბრუნდებოდი შენს ასაკს, როცა ცხოვრებისეული გზა მარტივი და ამავდროულად რთულიცაა, როცა ყველაფერი(ემოციით დაწყებული) სუფთა და ჯერ კიდევ ბავშვურია, როცა ვიღაცის ‘უბრალო’ კომენტარმა თუ წერილმა შეუძლია ხელის და ტუჩების დაბუჟებამდე განგაცდევინოს სიხარული.
ნინიტო, უნდა გამოგიტყდე, ისე მომინდება ხოლმე ისევ დაუფიქრებლად გამოვხატო ჩემი ემოციები, ისევ დავუშვა ძალიან სულელური შეცდომები, ისევ ვხედავდე ზღვაში კიბეს, ისევ ვიცინოდე იმდენს… რამდენსაც ახლა შენ და ისევ ვნერვიულობდე უაზრო თემებზე, რაც ჩემთვის ღიმსღა იწვევს.
ახლა გავედი, იმდენი საქმე მაქვს, ხომ იცი, დრო ფულია, როცა არ გაქვსო და მე კიდევ არასდროს მყოფნის.
გკოცნი:*”