აქსიომას!

აქსიომ, გამარჯობა!
მგონია, რომ ერთ დღესაც მოგენატრები და შემოიხედავ. აქ კი ჩემი წერილი დაგხვდება და წაიკითხავ…

შენი მოლოცვა რომ ვნახე, ყურებამდე გამეღიმა, თვალები სიხარულისგან გამინათდა და პასუხის წერისას აღმოვაჩინე…
………

არ ვიცი… ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის დაჯერება. ისე წახვედი, არაფერი გითქვამს, თუმცა კი ვგრძნობდი, რომ რაღაცას აპირებდი… რაღაც ძალიან ცუდს…
აქსიომ, ყველაფერი წაშლილი ხომ დამხვდა… მე ცრემლები ვერაფრით შევიკავე და დედაჩემმა რომ შემამჩნია, გამოვუტყდი: აქსიომა ისე მიყვარს, ვერ ავიტან-მეთქი. გაეღიმა: კარგი რა, მაინც არ იცნობდიო.
არადა სულ სხვაგვარადაა ყველაფერი. აქვს კი მნიშვნელობა ათასობით იმ უაზრობას, რასაც ადამიანები ამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ?!
ან საერთოდ… რა არის სიყვარული? რატომ დაგვყავს ეს გრძნობა მხოლოდ ფიზიკურ ნაცნობობაზე? ნუთუ რეალური შეხვედრაა აუცილებელი ამისთვის?
სულაც არა!
ნამდვილად არა!
მე იქნებ ერთხელაც არ მინახავს პატარა უფლისწული, მაგრამ ხომ იცი, როგორ მიყვარს…
და მიყვარხარ შენც- მეგობრულად, ბავშვურად, აი, ისე… მთელი გულით, ანგარებისა და ათასი სისულელის გარეშე.

იცი… მთელი ინტერნეტსივრციდან სულ რამდენიმეა ისეთი, ვის დაკარგვაზეც გულზე ისე მომიჭერს, როგორც ახლა…
აქსიომ, რომ იცოდე როგორ მიყვარს შენგან წამოსული ემოცია… ჰო, გულწრფელი ემოცია! მიყვარს შენი შენი წერის მანერა, თავდაჯერებულობაც და ის უცნაური, ჯერ ჩემთვის ვერ ამოხსნილი რამ, რაც ასეთ საინტერესო ელფერს განიჭებს ჩემს თვალში.

მე როგორ ველოდებოდი სექტემბერს.. აი, რომ მოვა შემოდგომა,-ვამბობდი გულში,-მე და ახსიომჩიკა ისევ ძველებურად ჩავუსხდებით და ვისაუბრებთ-მეთქი.

შენ კიდევ…

ნუთუ ისე წახვალ… ისე დაიკარგები.. რომ არც გაგახსენდები, უკან ერთხელაც არ მოიხედავ და ასე მიმატოვებ?
ნუთუ დაივიწყებ ასეთ მეგობრებს (ახლაც მჯერა, რომ გულწრფელი იყავი, მეგობრებს როცა გვიწოდებდი) და შენს ცხოვრებაში გადაეშვები?
ნუთუ მართლა გააკეთებ ამას და არასდროს ინანებ?

ალბათ, გეცინება. მართალია, დღეს.. რაღა დღეს, უკვე გუშინ: )) 18-ის გავხდი და წესით ე.წ. დიდიც, მაგრამ ჯერ გაზრდამდე ბევრი მიკლია.
ჰოდა… უბრალოდ, მთელი გულით, სულით და რა ვიცი, კიდევ რაც დარჩა, :) გთხოვ, რომ არ გვატკინო უმიზეზოდ ამდენ ადამიანს გული, გვაცადო შენგან ისევ იმ სითბოს მიღება, რომელსაც მუდამ უსასყიდლოდ აფრქვევ და…
ჰო…
აღარ ვიცი,რ ა დავწერო. ისე ვარ აფორიაქებული, აზრების დაწყობაც კი მიჭირს.

აქსიომ! მე, ნინიტოს, ძალიან მიყვარხარ (გააზრებულად) და მინდა ისევ ვიყოთ მეგობრები.
ამიტომ გთხოვ, რომ…

დ ა ბ რ უ ნ დ ე !

შეხვედრა

ყოველდღიურობაში რომ ჩაეფლობი, ზრუნვას მხოლოდ მატერიალურ საკითხებზე რომ დაიწყებ, სწორედ მაშინ იგრძნობ იმ უცნაურ სიცარიელეს, რომელსაც ვერაფერი ავსებს.

დიდხანს ვუარე გვერდი, საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ რეალისტი გავხდი და ბავშვური ოცნებები ფრთხილად დავიფერთხე. დარჩენილი ადგილი ვერაფერმა ჩაანაცვლა და იმ მეფარნეს დავემსგავსე, რომელიც ავადმყოფური სისწრაფით ერთსა და იმავეს მხოლოდ იმიტომ ასრულებდა, რომ ,,ასე იყო დაწესებული”
,,ძნელი ხელობა მაქვს. ოდესღაც ამ სამუშაოს აზრი ჰქონდა. დილით ჩავაქრობდი ხოლმე ფარანს, საღამოს კი ისევ ავანთებდი. დანარჩენ დროს ვისვენებდი, ღამით კი მეძინა…
- მას შემდეგ წესი შეიცვალა?
- არა, წესი არ შეცვლილა და უბედურებაც ეს არის! საქმე ისაა, რომ რაც დრო გადის, პლანეტა უფრო და უფრო სწრაფად ტრიალებს, წესი კი უცვლელი რჩება!
მერე? – შეეკითხა პატარა უფლისწული.
- მერე და პლანეტის სრულ შემობრუნებას ახლა მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება და ერთი წუთითაც ვეღარ ვისვენებ. ყოველ წუთს ვანთებ და ვაქრობ ფარანს.”

მერე ისე მარტო დავრჩი… თითქოს ყველასგან მოწყვეტილი… უიმედობის განცდაც დამეუფლა.
მერე ბარათაშვილი წავიკითხე, სული ამიფორიაქა, მივხვდი, რომ საკუთარი თავი დაკარგული მქონდა, რომ არასწორად ვცხოვროდი, მთავარს ვივიწყებდი და უაზრო რუტინაში დაუფიქრებლად ვეშვებოდი.

მერე ისევ გამოცდები მოახლოვდა… ისევ გადავიყარე თავიდან მსგავსი აზრები.
ისევ სიცარიელე დამეუფლა და მარტო დავრჩი.

,,მეგობრის დავიწყება ძალიან ცუდია. ყველას არა ჰყავს მეგობარი და თუ მე იგი დავივიწყე, მაშინ იმ დიდებს დავემგვანები, რომლებსაც ციფრების გარდა აღარაფერი აინტერესებთ.”

___

მშვიდად ისუნთქე. წარმოიდგინე ადგილი, სადაც ყველაზე მეტად გინდა ყოფნა…

___ Continue reading

ბაბუა

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე…

  ბაბუას ცხელი, არომატული ყავა მოაქვს და მიღიმის. ზუსტად ისეთი, როგორიც მე მიყვარს. მიმოფანტული წიგნებიდან თავს ვწევ და ვუყურებ მშვიდ, თბილ სახეს.

-ბაბუა… გმადლობ…

ბაბუა ყოველ ღამე ახველებს. უკვე 5-6 წელია სუნთქვაც უჭირს, სულ წამლებს დაატარებს და საათობრივად სვამს.
მის ოთახში რომ შეიხედოთ, დივანს დაინახავთ, რომლის ერთ კუთხეში სამსახურიდან მოსული დაღლილი ბაბუა ზის, წინ რომ ტელევიზორია, მუდამ სერიალია ჩართული და ხელში რომელიმე გაზეთი უჭირავს.
მის ოთახში რომ შეიხედოთ, ჩემს პატარა ძმას დაინახავთ ბაბუასთან დომინოს მოთამაშეს. ლექსო მუდამ ატყუებს, ჩუმად მალავს ქვებს და გულუბრყვილო, მოელვარე თვალებს არ აცილებს გამოცდილ მოთამაშეს. ანდაც, შეიძლება, სულაც ისე ისხდნენ და რამეს კითხულობდნდენ ერთად. შეიძლება… ბევრი რამ შეიძლება… ძალიან ბევრი…

ჩემი ბაბუა ძალიან თბილი და ყურადღებიანია. სწორედ მან გადამარჩინა სიკვდილს ბავშვობაში, გერმანია და რუსეთი რომ მომატარა სამკურნალოდ.

მე უზომოდ, საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩემი ბაბუა.

ის ძალიან ბევრს ახველებს. სუნთქვა უფრო და უფრო უჭირს. ბებია ტირილს იწყებს, მამა ცდილობს სიმშვიდის შენარჩუნებას-უშედეგოდ… ბაბუას სახის კანი უშავდება, გონებას კარგავს, ხელები უცივდება და უცებ… ყველაფერი ჩერდება.
სასწრაფოში დაკავებაა. ბებია ისევ ტირის. მე ცრემლებს ვყლაპავ.

რეანიმაცია.
1,2,3…
-კარგად არის, ხელოვნურ სუნთქვაზე გადავიყვანთ… გადარჩენის შანსი არის…

ვერ გადაიყვანეს. გაუჭირდა. ისევ რეანიმაცია.
4,5,6,7,8,9,10,11,12,13,14,15,16,17…

მე კანკალი მიტანს, გაკვეთილებზე ცრემლებს ვეღარ ვიკავებ.
მე… ვერ გადავიტან… მე… მართლა გეუბნები.. ხომ გესმის… მე არ შემიძლია.. უბრალოდ… მართლა… მე მოვკვდები… არ შემიძლია…
მე იმედი არ მშორდება გულიდან.
იქნებ რამე გამოვიდეს, იქნებ… იქნებ არა… აუცილებლად… უბრალოდ, სხვა გზა მართლა არ არსებობს, მართლა…

ქვითრები გროვდება, ირევა…
1600 ლარი, 800 ლარი, 700 ლარი, 900 ლარი…

დღე 18…
კარები იღება.
მამას ხმა…
-თენგიზა აღარ არის.

თავბრუ მეხვევა, ლოგინზე მოწყვეტით ვეცემი და მთლიანად ვკარგავ საკუთარი თავის კონტროლს.
მაწვდიან წამალს.
-მეოთხედი დალიე.
მთლიანს ვსვამ. ვითიშები. ვეღარ აღვიქმამ რეალობას.
ისევ ვსვამ. ისევ მთლიანს. ისევ ვითიშები.

პროცესია. ხალხი ირევა, ყვავილებით ივსება სახლი. თეთრი უყვარდა…
თეთრი ვარდები…

გულის წნევა 30-მდე ჩამომდის. ტრანკვილიზატორებს მიმავალავენ.

ლიფტში შეაქვთ. მიჰყავთ. მე ვეღარ ვტირი. თავი სიზმარში მგონია.

სარკეში ვიხედები. თვალები ნარკომანივით დაწვრილებული მაქვს და დადებილებული სახე.

არაფერს განვიცდი. გარდა იმისა, რომ მეშინია გამოღვიძების. მე ახლა მძინავს, ზეზეულად მძნავს, და მგონია, ოთახში რომ შევალ, ყველაფერი ძველებურად დამხვდება. მე არ მინდა… მე… მე გამოღვიძება არ მინდა.. მინდა სიზმარი იყოს, მხოლოდ სიზმარი.

იქნებ მართლა ერთი დიდი კოშმარია და თვალს რომ გავახელ, ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება, ა?!

….: )

ემოციებს ავყევი, განწყობას დავუჯერე, გონებას არც კი ვკითხე…

მერე ნელ-ნელა დავმშვიდდი, მივხვდი ჩემს შეცდომას, მივხვდი, რომ უაზროდ მოვიქეცი.

არც კი ვიცი, ღირს თუ არა… ან როგორ.. რა ფორმით უნდა გითხრა…

გიო.. იცი…  ვიფიქრე და მივხვდი:

ბოლოს მოწერილი წერილი დიდი სისულელე იყო, მე შევცდი და თურმე იმაზე მნიშვნელოვანი ყოფილხარ, ვიდრე აქამდე მეგონა: )

გამოდარება

საშინელებაა დეპრესია. მთლიანად განადგურებს და ყველაფრის სურვილი გიქრება. აღარაფერი გადარდებს, გარდა საკუთარი თავის შეცოდებისა. ამ დროს შეგიძლია საათობით იჯდე და იგლოვო თავზე დამტყდარი უბედურება. ზუსტად ასე დამემართა მეც. ამ ერთი კვირის მანძილზე  განადგურებული ადამიანის ელფერი ავიკარი სახეზე და ,მიქანცებული’ ხმით დავიწყე იმის მტკიცება, რომ ,,დავიღალე, მე მეტი აღარ შემიძლია, ყველაფერი მომბეზრდა, მეზიზღება სამყაროოოოო!!!!” ამას დავუმატე განწირული მზერა და ფაქტობრივად სასკლაოზე გასატან ცხოველს დავემსგავსე :დ ვერ მიშველა ვერაფერმა, ვერც ერთმა შეგონებამ, ვერც ერთმა ფაქტმა თუ რჩევამ. გადავწყვიტე, ცხოვრებას დავუჩოქე, სწავლას მოვუკელი, გული ვეღარაფერს დავუდე და დამარცხებისთვის მოვემზადე.

დღეს ჩემს უახლოეს მეგობარს ველაპარაკებოდი და უცებ… მივხვდი… ჰო… მივხვდი, რომ სულელურად ვიქცეოდი. ჯერ გავბრაზდი, მერე გამეცინა, ბოლოს თავი მაღლა ავწიე და მთელი გულით გავიღიმე.  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი- ნამდვილად არსებობს ცხოვრებაში რაღაც კანონზომიერება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ღმერთის არსებობას: ) დიახ…კანონზომიერება, რომელიც გაიძულებს, არასდროს დანებდე. უცებ ვიგრძენი ბედნიერება. აი, ისეთი… მოლოდინით რომ აგივსებს ადამიანს სულს, სუნთქვას შეგიკვრავს და გულს აგიჩქარებს.

ჰოდა… დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ზუსტად ისე გამოვა, როგორც მინდა, აუცილებლად გამოვა! (თუ არ ასრულდა, არ შემახსენოთ ოღონდ :) ) მთავარია ახლა, აი, ახლა… ღრმად ჩავისუნთქო თუნდაც ოთახის თბილი ჰაერი :დ და პირობა დავდო, რომ მაქსიმალურს გავაკეთებ.

რა არის მთავარი? საკუთარი ძალების რწმენა, მე კიდევ თვითშეფასება მინუსებში გადამივიდა. :)

პს. ხანდახან შიში მიპყრობს, ისე შემეცვალა წერის მანერა. გონება უზარმაზარი სისწრაფით ცხრილავს ემოციურ სიტყვებს და ბანალურ, გაცვეთილ აზრებს მთავაზობს. მეც ვემორჩილები, სხვა რა გზაა, და  შედეგად მარტივი წყობის წინადადებებს ვიღებ.

აბა თუ იცი, ახლა რაზე ვფიქრობ?

შენ, ახლა რომ კითხულობ, უზომოდ მიყვარხარ:****

1555

ვიცი, რომ შევიცვალე.
ვიცი, რომ მთელი არსებით დავმძიმდი.
ვიცი, რომ აღარ ვიღიმი ქუჩაში.
ვიცი, რომ აუტანელი გავხდი.

ისიც ვიცი, რომ ყველას გავურბი. ვემალები. ათას რამეს ვიმიზეზებ.
ისიც ვიცი, რომ საკუთარ თავს აღარ ვგავარ.

ძალიან დამღალა სისტემამ.
მეშინია იმის, რომ… შეიძლება გარშემო ყველას იმედები გავუცრუო. ჩემგან ხომ საუკეთესოს ელიან.
იცინეთ.. იცინეთ… თუნდაც ,,რას იტყვის ხალხი” დაარქვით.
არც ნუგეშს არ ველი.
არაფერს არ ველი, გარდა…
გამოცდა.
გამოცდა.
გამოცდა.
საზღვარს გამოცდა.
ცოტაც და…
3-4 თვეც და..
უკვე ნამდვილად გამოცდა!!!

ბლოგი ცოტა ხნით დახურული მქონდა, რათა არ მეწუწუნა.
რა შუაშია, მაგრამ…
მომენატრეთ..
პს. ნეტა BNG-ში რა ხდება?
:)

წერილი, რომელიც მივიღე

მიმაჩნია, რომ სამყარო გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება და არც-ერთი მოვლენა არ არის შემთხვევითი, მაგრამ მაინც გამაოგნა იმ წერილმა, რომელიც კარგა ხნის წინ მივიღე.
ძალიან მიჭირდა ამის სააშკარაოზე გამოტანა. ახლაც მიჭირს…
ასე მგონია, იმ იდუმალ ძალას, რომელიც ამოუცნობი ენერგიით მავსებს, დაკარგავს.
მაგრამ მგონი საკმარისზე მეტს ვსაუბრობ.
და მაშინ…
იხ. წერილი:

,,ჩემო პატარა, სულელო ნინიტო, ახლა 17 წლის ხარ და გგონია, რომ სამყაროს ასე თუ ისე იცნობ. გგონია, მუდამ შეგიძლია გრძნობების კონტროლი და ჯერ კიდევ თვეობით ნერვიულობ ისეთ უმნიშვნელო ფაქტებზე, რომელიც ახლა ღიმილადაც არ მყოფნის.
კვლავ წიგნების გადმოსახედიდან უყურებ ყველაფერს, კვლავ გგონია, რომ პასუხებს მუდამ იპოვი წვრილი შრიფტით დაფარულ ფურცლებზე. ღმერთს გარეთ ეძებ, უამრავ კითხვას სვამ და ცდილობ ყველაფერს ახსნა უპოვო, მაშინ, როცა უფალი თავად შენშია, მაგრამ ამოუცნობის შესწავლის წყურვილით გაბრუებულს გულში ჩახედვა დაგვიწყნია. გეგმებს აწყობ, თვლი, მსჯელობ, ნერვიულობ, ისევ აწყობ, ისევ ღელავ, ფიქრობ და დაუსრულებლად.
რობოტად ქცევაზე ოცნებობ, მაგრამ დამიჯერე, ოდნავადაც არ არის საჭირო. მთავარი ემოციების სწორად გამომჟღავნება ისწავლო. როგორ? დრო გიჩვენებს.
ახლა მითხრეს, იქნებ წერილი მისწერო 17 წლის ნინიტოსო, დავიბენი… მე მომავლის ნინო ვარ, მაგრამ არ მინდა რამე მოგიყვე, ამით ყველაფერი აზრს დაკარგავს. რჩევა მიეციო. ერთადერთ რამეს გეტყვი:
სამყარო ფერადია, არასდროს მოირგო შავ-თეთრი სათვალე, ხომ იცი, ყველაფერი ნატურალური სჯობს.
სიამოვნებით დავუბრუნდებოდი შენს ასაკს, როცა ცხოვრებისეული გზა მარტივი და ამავდროულად რთულიცაა, როცა ყველაფერი(ემოციით დაწყებული) სუფთა და ჯერ კიდევ ბავშვურია, როცა ვიღაცის ‘უბრალო’ კომენტარმა თუ წერილმა შეუძლია ხელის და ტუჩების დაბუჟებამდე განგაცდევინოს სიხარული.
ნინიტო, უნდა გამოგიტყდე, ისე მომინდება ხოლმე ისევ დაუფიქრებლად გამოვხატო ჩემი ემოციები, ისევ დავუშვა ძალიან სულელური შეცდომები, ისევ ვხედავდე ზღვაში კიბეს, ისევ ვიცინოდე იმდენს… რამდენსაც ახლა შენ და ისევ ვნერვიულობდე უაზრო თემებზე, რაც ჩემთვის ღიმსღა იწვევს.
ახლა გავედი, იმდენი საქმე მაქვს, ხომ იცი, დრო ფულია, როცა არ გაქვსო და მე კიდევ არასდროს მყოფნის.
გკოცნი:*”

 

როგორ შევცვალე ჩემი მომავალი

ჯერ კიდევ მე-8 კლასში ვიყავი, როცა ამაყად გადავწყვიტე: ჩემი ბედი ჟურნალისტიკას უნდა დავუკავშირო-მეთქი.
წერა მიყვარს? მიყვარს!
საუბარი მიყვარს? მიყვარს რომელია :დ
პრეზენტაციები… ინტერვიუები… გადაცემის წაყვანა…
შენ ლაპარაკობ, მთელ სამყაროს იმორჩილებ, გრძნობ ხალხის გულისცემას, აკონტროლებ მათ ფიქრებს, აზრებს, სურვილებს…
ყველაფერი შენ გეკუთვნის, შენ მათ აბოლებ, ატყუებ, ისე აწვდი ინფორმაციასს, როგორც თავად გადაწყვეტ, სიმართლის გზას არ უხვევ, მაგრამ ყველაფერს ისე აჯერებ, როგორც შენ მეს სურს.
შენ მათი მმართველი ხარ!

მშვიდად ვაწვები სკამის საზურგეს და მსუბუქად მეღიმება…
არა-უმიზეზოდ.

ახალი წელი! კარგი რამეა ახალი წელი. თუმცა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, გარდა ერთისა: ახალი!
მე კი ჩემს ბლოგზე არც მომილოცავს…
და რატომ გიკვირთ?
დღეს ცხრამეტია და სწორედ დღეს დადგა ნამდვილი ახალი წელი ჩემს ბლოგზე.
ასე რომ, გილოცავთ ჩემო მკითხველებო და გისურვებთ არადროს ჩაფლულიყავით რუტინულ ყოფაში, რადგან რაც განმეორებადია, მოსაწყენი ხდება და დროდადრო უფასურდება.

19 იანვარი.
დღეს, სწორედ დღეს, მთელი ჩემი სამომავლო გეგმები შევცვალე და გადავწყვიტე:
მე არ მინდა ისეთ ქვეყანაში ვიყო ჟურნალისტი, როგორიც საქართველოა.
სადაც განათლება ძალიან დაბალ დონეზეა.
სადაც სამსახურის ძებნა თითქმის შეუძლებელია.
სადაც გადაცემამდე გზა ლოგინზე გადის…
სადაც კაპიკებზე უნდა ვიმუშავო.

არაა, არა და არა!
მე, ვაღიარებ, ბევრი ფული და კომფორტი მინდა.
არ მაინტერესებს, არის თუ არა მანდ ბედნიერება, მე მჭირდება!
ჰაერივით მჭირდება.
მე სხვა რამეც მჭირდება. მხოლოდ სტატიებით ვერ დავიკმაყოფილებ ამბიციებს.
ადამიანების მართვა მინდა.
და მეც დავფიქრდი…
არა, კი არ დავფიქრდი, დამაფიქრეს…

დღეს ჩემი ნათესავი იყო მოსული, ადამიანების ფსიქოლოგიაში კარგად ერკვევა(2 წლის განმავლობაში ეგ არჩევდა სამსახურში ვინ უნდა მიეღოთ და ვინ-არა)
დამახასიათა: ქარიზმა გაქვს, რამდენიმე წუთში შეგიძლია ადამიანი შენ მიმართ დადებითად განაწყო და დაბოლებაც მშვენივრად გეხერხებაო.
დაამატა: პიარზე გაქაჩავო.
შევიშმუშნე.
გაიღიმა: შენ ისწავლე და სამსახურის პოვნაში მე დაგეხმარებიო. პირველი კურსიდან პრაქტიკები ჩემზე იყოსო.
დავფიქრდი.
ჩავფიქრდი.
გადავწყვიტე:
დიახ… დიახ… ჩემი საქმე პიარია.
როგორც დამრიგებელმა აღმინიშნა, შენ მაინც სულ პიარზე მუშაობ, მენეჯმენტს მიამატებ და ეგააო :დ

ასე რომ, ძვირფასო საზოგადოებავ, დღეიდან გესაუბრებათ მომავალი პიარ-მენეჯერი.
ხომ იცით, თქვენი სურვილები თქვენ არ გეკუთვნით, ისინი, სულ მალე, ჩემს მფლობელობაში გადმოვლენ: )

როცა იცი… არც წუწუნს, არც ტირილს, არც შფოთვას არ აქვს აზრი.
როცა მშვიდად უნდა მივყვე, მშვიდად გავათენო ღამე, მშვიდად წავიდე გამოცდაზე და…
მშვიდადვე ამიკანკალდეს ხელი.
როცა მინდა ახლა ვინმე წინ მეჯდეს, თანაგრძნობით მიღიმოდეს და მეუბნებოდეს, რომ ხვალ… ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.
როცა უკვე 5 წუთი გავიდა და მეც ღიმილით უნდა მივბრუნდე და ვისწავლო. ვისწავლო. ვისწავლო.

,,საამისოდ მე ამღძრავს
მათი ახირებული თვისება-განიცადონ,ეწამონ…”

ხომ არ მინდა ოქროპირი მნათეს მსგავსად ვიცხოვრო?
ხომ არ მინდა უემოციობა?
და ხომ მინდა ადრენალინი?

და მაინც…
ნეტა დედას ახლა ეღვიძოს. ავდგებოდი და ჩავეხუტებოდი. მაშინ ყოველგვარი დაძაბულობა მომეხსნებოდა.

ყველაფერი…..: )

მე-1000

ჩემთვის…
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ჩნდებიან და ქრებიან, არანაირ ან უმნიშვნელო კვალს ტოვებენ.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ზეგავლენა აქვთ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩემს ჩამოყალიბებაში.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც არც-ერთ კატეგორიაში არ ერთიანდებიან.

ამ უკანსკნელებზე ყველაზე რთულია საკუთარი განწყობის გადმოცემა.

ალბათ იმიტომ, რომ გგონია სადაცაა მოუძებნი დამოკიდებულებას ზუსტ სახელს, სიტყვას და ყველაფერი გაუფერულდება, გაჩვეულებრივდება და შენც ყოველდღიურობით დაღლილი ერიდები კიდევ ერთი ნაცრისფერის შემოტანას.

მე-1000.
რას ვიფიქრებდი… ?
დავიბენი. გაოცებისგან ხმამაღლა შევყვირე და ვერც ჩემი გაფართოებული თვალები დავიმორჩილე. Continue reading

,,ისა…:დ”

დავიკარგე. საკუთარ თავს დავემალე. თუ აზრებს.
ოცნებები გავიყოველდღიურე და ყოფით პრობლემებზე დავიყვანე.

,,პრეტროგდის კომიტეტის შეკრება… რა მოხდა?”
,,რაპალო… წელი?”
,,დიდი ბრიტანეთი-რუსეთი… რა ტერიტორიებს ეცილებოდნენ?”

ჩემი ძმა წინ და უკან დადის. პასუხს ვერ იხსენებს. სწრაფად! სწრაფად! ბოლო კითხვას ისევ ვუმეორებ. ,მოისვენე!!’ – ვუკივი.
,,ისა.. ავღანეთი და…. მ.. თუ კ.. ისა.. მ..მ.. ისა..”
მოთმინება მღალატობს – მალაკის ნ.კ.!!!!!! Continue reading

და…

ხვალ…
,,როგორმე..”
,,აქ გავიმარჯვებ და..”
,,ამას დავამთავრებ და…”
,,დაიწყება ახალი წელი და…”
,,იმას ვიყიდი და…”
,,მოვა გაზაფხული და…”
,,ამას ვეტყვი და…”
,,ამდენი წლის გავხდები და…”
,,ამან გადაიაროს და…”

და…

და არაფერი.
ისევ გაჩნდება ეს საზიზღარი ,,და”

ისევ დავაწყობთ გეგმებს. ისევ გვეგონება, რომ ბედნიერება მომავლში ზის და გველოდება.
მომავალი კი ვერასდროს გახდება რეალური, რადგან აწმყო უკვე სხვა ეტაპია და ჩვენ ხომ მიუწვდომელი გვიზიდავს.
მიუწვდომელი… ხან წარსული და ხან მომავალი.. ორივე ტკბილია. ორივე იმედებით აღსავსე და მშვენიერია. ჩვენ შეგვიძლია დაუღალავად ვაფერადოთ ჩვენს ოცნებებში და ისე ვიწამოთ.

,,ახლა ამას დავწერ და…”
და რამე შეიცვლება?

არაფერი.

1 წელი

ჩემი ბლოგი 1 წლისაა.
ვრცელი ტექტის დაწერას ვაპირებდი და ვერ ვახერხებ..
მართალია ცოტა ხნით დამიგვიანდა მოლოცვა, მაგრამ..
გილოცავ ჩემო ბლოგო:*
:D

დავიღალე. ფიზიკურად არა, ფსიქოლოგიურად.

მგონი სიგიჟის ზღვარს მივუახლოვდი. ცოტაც დააა..